ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის საბოლოო კანდიდატურას უკრაინა დაამტკიცებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის მომლაპარაკებლის საბოლოო კანდიდატურას უკრაინა დაამტკიცებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპელები რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი უკრაინა მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მიმდინარე კვირას ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილეს რუსეთთან დიალოგში ევროპის როლი, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების პერსპექტივა და, რომელი ქვეყნები იმყოფებიან საფრთხის ქვეშ.
„ევროპული საბჭოს ისტორიაში პირველად, უკრაინის თემას ამდენი დრო დაეთმო. ჩვენი შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა – დახურული ნაწილი. ჩვენ ყველაფერი განვიხილეთ, დაწყებული ევროპის როლით რუსებთან დიალოგში, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. ჩვენ განვიხილეთ, რა მოხდება, თუ პუტინს ახლავე არ მივიყვანთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და რომელი ქვეყნები არიან საფრთხის ქვეშ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ივლისის ბოლომდე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში კიდევ ხუთი კლასტერის გახსნის შანსი არსებობს.