ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა სცადა კომპლექსური თავდასხმის დაგეგმვა, რომლის მიზანი ადამიანების სიცოცხლისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენება იყო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა სცადეს კომპლექსური თავდასხმის დაგეგმვა, რომლის მიზანიც ადამიანების სიცოცხლისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენება იყო.
მისი თქმით, თავდასხმისას რუსეთმა, ბალისტიკურ რაკეტებთან ერთად, რეაქტიული „შაჰედები“ გამოიყენა.
„კიევში, ისევე როგორც ბევრ სხვა რეგიონში, რუსული დარტყმის შედეგებთან გამკლავება გუშინდელი ღამიდან მიმდინარეობს. ეს იყო კომპლექსური თავდასხმა, რომლის დაგეგმვაც რუსებმა სცადეს, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ სიცოცხლისთვის – ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და რეაქტიული „შაჰედები““, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მისი თქმით, თავდასხმების შედეგად დაიღუპა ორი, ხოლო დაშავდა ათი მოქალაქე.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში დაწერა, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ცამეტი ადამიანის გადარჩენა შეძლო. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევთან ერთად, თავდასხმების ობიექტი იყო რეგიონებიც.
„კიევის რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ოდესის რეგიონში – ჩვეულებრივი ბაზარი. ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი. დილით სუმის რეგიონში, რკინიგზის სადგურზე კიევი-სუმის მატარებლის ლოკომოტივს თავს დაესხნენ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა – ევაკუაცია მიმდინარეობს. ასევე, დაბომბეს ზაპოროჟიე და დნეპრის ოლქიც“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტების ჩაჭრა კვლავ განსაკუთრებით რთულია და პარტნიორებს ჩამჭრელი რაკეტების მიწოდების თხოვნით მიმართა.
In Kyiv and the region, as well as in many other regions, efforts to deal with the aftermath of the Russian strike have been underway since last night. It was a complex attack that the Russians tried to plan to cause as much harm to life as possible – ballistic missiles, cruise… pic.twitter.com/A6QNY51ltd
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 8, 2026