ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში მასშტაბურ შეტევას ახორციელებენ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, ქალაქ პოკროვსკში განლაგდნენ
რუსეთის ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში მასშტაბურ შეტევას ახორციელებენ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, ქალაქ პოკროვსკში განლაგდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ ტერიტორიაზე რუსული ძალების რიცხობრივი უპირატესობა რვა ერთზეა და უკრაინას არ შეუძლია ასეთ რესურსებთან შეჯიბრი, თუმცა მოსკოვმა ჯერ ვერ მიაღწია დაგეგმილ შედეგს.
ზელენსკის განაცხადებით, დრონების მონაცემები მიუთითებს, რომ პოკროვსკში დაახლოებით 200 რუსი ჯარისკაცი იმყოფება.
უკრაინის პრეზიდენტმა სიტუაციას „რთული“ უწოდა და დაადასტურა, რომ ქალაქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის განცხადება, რომ ამ ტერიტორიაზე მყოფი უკრაინული ჯარები მთლიანად ალყაში არიან მოქცეულნი.
რუსეთი, ორი წელია, ცდილობს პოკროვსკის აღებას. ეს საკვანძო სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტს ამარაგებს. წარმატების შემთხვევაში რუსული ჯარები უფრო ადვილად შეძლებენ გამაგრებული „ციხესიმაგრეების სარტყლის“ ქალაქებამდე — კრამატორსკამდე, სლავიანსკამდე, კონსტანტინოვკამდე და დრუჟკოვკამდე — მიღწევას.