ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი უნდა იყოს აღიარებული ტერორისტულ სახელმწიფოდ, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მასობრივი მკვლელობის შემდეგ, მსოფლიომ არ მხოლოდ უნდა დაგმოს რუსეთის ქმედება, არამედ აღიაროს ის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ.
„ფორმალურად და იურიდიულად რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, საჭიროა არა როგორც პოლიტიკური ჟესტი, არამედ თავისუფალი სამყაროს ქმედითი დაცვისთვის. ასეთი გადაწყვეტილება ავტომატურად გაურთულებს არსებობას ტერორისტ სახელმწიფოს, ავტომატურად გაწყვეტს სხვადასხვა პოლიტიკურ და ბიზნეს კავშირებს, რომლებსაც რუსეთი სხვა შემთხვევაში შეინარჩუნებს. ეს აუცილებლად მოხდება. ამის გაკეთება მოგვიწევს. კითხვები არსებობს მხოლოდ ამ გადაწყვეტილების მიღების დროსა და ფორმატთან დაკავშირებით; და რაც უფრო მალე იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება, მით ნაკლები ბოროტების ჩადენას მოასწრებს რუსეთი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ელენოვკაში ჩადენილი დანაშაულის ყველა მტკიცებულება შეგროვდება და ასევე ნაპოვნი იქნება ყველა ის პირი, ვინც „ათანხმებდა, ორგანიზაციას უწევდა, ვინც აფეთქებდა ამ ადამიანებს, და ვინც ამის შესახებ იცოდა“.
„მაგრამ ეს ყველაფერი ცოტაა. აუცილებელია იურიდიული ნაბიჯების გადადგმა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ტერორისტი სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
29 ივლისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელენოვკაში მდებარე კოლონიაზე დარტყმის შედეგად 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა და 73 დაიჭრა. კიევში აცხადებენ, რომ აღნიშნული დარტყმა რუსეთის ფედერაციამ განზრახ მიიტანა, რათა უკრაინელი სამხედროების წამების ფაქტები დაემალა.