ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ირანული წარმოების დრონებით ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ირანული წარმოების დრონებით ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს. როგორც ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინის ძალებმა უკვე 80-ზე მეტი ირანული დრონი ჩამოაგდეს.
„წლის დასაწყისიდან სულ ორი დღე გავიდა, ხოლო უკრაინის თავზე უკვე 80-ზე მეტი ირანული დრონია ჩამოგდებული. უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს, რადგან ამ კვირებში ღამეები შესაძლოა, საკმაოდ დაძაბული იყოს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ თავდასხმას „შაჰიდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ფსონს უკრაინელი ხალხის, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკის გამძლეობის ამოწურვაზე დებს, თუმცა უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ტერორისტებმა ამ მიზანს ვერ მიაღწიონ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ 2023 წლის პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ჰქონდა. მისი თქმით, უკრაინა მაკროფინანსური დახმარების პირველ ტრანშს იანვარში ელოდება. ასევე, განხილული იყო ევროკავშირი-უკრაინის სამიტისთვის მზადების საკითხი.
„განვიხილეთ ჩვენი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა – უკვე იანვარში ველოდებით მაკროფინანსური დახმარების პირველ ტრანშს, როგორც იყო შეთანხმებული გასულ წელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, როდესაც რუსეთი ცდილობს აგრესიისთვის ახალი ძალების შეგროვებას. ასევე, განვიხილეთ უკრაინა-ევროკავშირის სამიტისთვის მზადება, რომელიც უნდა ჩატარდებს თებერვლის დასაწყისში. მიმაჩნია, რომ უკვე ამ სამიტზე შევძლებთ ახალი საკვანძო ნაბიჯების განსაზღვრას ჩვენი საერთო მდგრადობისთვის, ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.