ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხილული იქნება რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხილული იქნება რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულება.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსში უკრაინულ სახლში გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.

„მათ სახელმწიფოში გადაწყვეტილებების მიღების ასეთი სტრუქტურა აქვთ, რომ მის გარეშე არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღება. ყველა დაწესებულებას იქ აერთიანებს ერთი გადაწყვეტილება – რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულების შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაშინ, მის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნება, არ გამოვა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გარეშე. მას შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს, ამ შეხვედრების დიდი სურვილი ნამდვილად არ არის, შუამავლებთან შეხვედრის დიდი სურვილი არ არის და არ იქნება. ამიტომ, მე არ მივიღებ რუსეთიდან ვინმესთან შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტის გარდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება – ომის დასრულება. სულ ეს არის. სხვა არაფერია სალაპარაკო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის ლიდერის განცხადებით, დონბასში რუსეთის ჯარებს ახლა 20-ჯერ მეტი ტექნიკა აქვთ, ვიდრე უკრაინას.

ზელენსკის თქმით, მას არ სურს, რომ უკრაინაში ასობით ათასი ადამიანი იღუპებოდეს, ამიტომ უკრაინას სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი ტექნიკა. მან ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო გზით ყირიმის დეოკუპაცია, უკრაინულ არმიას მნიშვნელოვანი დანაკარგი დაუჯდება.