ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის დონალდ ტრამპთან მინერალებთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მზად არის ამერიკის პრეზიდენტთან შეთანხმების დასადებად მინერალებთან დაკავშირებით.
„ეს საბადოები ფასდაუდებელია, ეს არის უზარმაზარი თანხები. ამიტომ გვჭირდება მისი დაცვა. ასე რომ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, ეს არის ის, რაც ამერიკელებს სურთ, მაშინ მოდით, დავდოთ შეთანხმება. ჩვენ მხოლოდ თანახმა ვართ“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის მინერალური რესურსების 20%-ზე ნაკლები, მათ შორის იშვიათი მინერალების საბადოების დაახლოებით ნახევარი, რუსული ოკუპაციის ქვეშაა.
„სწორედ ამაზე ვსაუბრობ, ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ, რომ გვჭირდება დახმარება პუტინის შესაჩერებლად და დავიცვათ ყველაფერი, რაც გვაქვს – ძალიან მდიდარი დნეპრის რეგიონი, მდიდარი ცენტრალური უკრაინა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ კიევი არ სთავაზობს ამერიკას რესურსების ჩუქებას, არამედ სთავაზობს ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობას მათი ერთობლივად განვითარებისთვის.
„ამერიკელები ყველაზე მეტად დაგვეხმარნენ და ამიტომ ამერიკელებმა უნდა გამოიმუშაონ ყველაზე მეტი. მათ უნდა ჰქონდეთ ეს პრიორიტეტი და ექნებათ კიდეც. მე ასევე მსურს ამაზე საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე წარმოადგინა რუკა, რომელზეც, მისი თქმით, ნაჩვენებია მინერალური საბადოები, მათ შორის, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე საბადოები, რომლებიც შეიცავს იშვიათ ლითონებს და რომელთა დაახლოებით ნახევარი ომის პირობებში რუსეთის მხარეს აღმოჩნდა.