ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მსოფლიოს ნაწილი კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად წარმოქმნილი ეკოციდისა და ადამიანური ტრაგედიის მიმართ გულგრილია
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მსოფლიოს ნაწილი კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად წარმოქმნილი ეკოციდისა და ადამიანური ტრაგედიის მიმართ გულგრილია

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მსოფლიოს ნაწილი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად წარმოქმნილი ეკოციდისა და ადამიანური ტრაგედიის მიმართ გულგრილია.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ახლა ზოგიერთ დონეზე სამყარო უბრალოდ სამარცხვინოდ გულგრილია იმ ეკოციდისა და ადამიანური ტრაგედიის მიმართ, რომელიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთის ტერორისტული თავდასხმის გამო მოხდა. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა იცავდნენ სიცოცხლეებს გლობალური მასშტაბით, ისინი ერთ კვირაშიც კი ვერ ახერხებენ სამაშველო მისიების ფორმირებას, რომ გააგზავნონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ზოგიერთი გლობალური მოთამაშე კი ვერ ბედავს, გააკეთოს მკაფიო და ძლიერი განცხადება და დაგმოს რუსეთის ომის დანაშაული. ტერორისტები მსოფლიოს ამ სისუსტით საზრდოობენ. ეს გულგრილობა მათ ახალისებს. ჩვენ ეს უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ კახოვკის კაშხლის ნგრევის გამო, უკრაინის რამდენიმე რაიონი, მათ შორის ხერსონის ოლქი ნაწილობრივ დაიტბორა.