ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მორიგი შეტევითი ღონისძიებების შედეგად რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა, თუმცა შეტაკებები გრძელდება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მორიგი შეტევითი ღონისძიებების შედეგად რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა, თუმცა შეტაკებები გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მორიგი შეტევითი ღონისძიებების შედეგად, რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა, თუმცა შეტაკებები გრძელდება. ასევე, ზელენსკის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს მოსახლეობა გათავისუფლებულ დასახლებებში, ასეთი კი მხოლოდ ხარკოვის ოლქში 450-მდეა.

„სასტიკი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ფრონტის მრავალ მონაკვეთზე. თუმცა ამ საბრძოლო მოქმედებების პერსპექტივა თვალსაჩინოა – სულ უფრო მეტი ცდილობს გაქცევას, სულ უფრო მეტი დანაკარგი აქვს მტრის არმიას, სულ უფრო მეტად ესმით, რომ რუსეთმა შეცდომა დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლით“,- აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, დაღუპულ რუს მებრძოლებს შორის მოუმზადებელი ახალგაზრდებიც არიან, რომლებსაც ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონიათ.

„რუსეთს ვერ დაეხმარება არც ფსევდორეფერენდუმი, არც ანექსიების შესახებ განცხადებები, არც მათ მიერ გამოგონილი საზღვრების შესახებ საუბარი“, – აღნიშნავს ზელენსკი.

მან ასევე ისაუბრა აზოვსტალის მებრძოლებზე, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან და ოჯახის წევრებს შეხვდნენ. ზელენსკის თქმით, მათ უსაფრთხოებაზე გარანტიას პირადად პრეზიდენტი ერდოღანი იძლევა.