ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ისრაელ-ირანს შორის ესკალაციას აქვს უარყოფითი ფაქტორი, ნავთობის ფასების ზრდა, დადებითი კი - ირანიდან რუსეთისთვის სამხედრო დახმარების შემცირების შესაძლებლობა
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ისრაელ-ირანს შორის ესკალაციას აქვს უარყოფითი ფაქტორი, ნავთობის ფასების ზრდა, დადებითი კი - ირანიდან რუსეთისთვის სამხედრო დახმარების შემცირების შესაძლებლობა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ესკალაციას აქვს როგორც უარყოფითი ფაქტორები, როგორიცაა ნავთობის ფასების ზრდა, ასევე დადებითი, ირანიდან რუსეთისთვის სამხედრო დახმარების შემცირების შესაძლებლობა.

„მოდით, ვისაუბროთ იმაზე, რაც უკვე მოხდა. დარტყმებმა გამოიწვია ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა. ჩვენთვის უარყოფითი ის არის, რომ არ არსებობს ფასების ლიმიტი. რუსები ძლიერდებიან ნავთობის ექსპორტიდან მიღებული დიდი შემოსავლებით. ამიტომ ჩვენი ხმა უფრო ძლიერი იქნება ამერიკულ მხარესთან ფასების ლიმიტების შემოღებასა და რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე საუბრისას. უახლოეს მომავალში დავუკავშირდები ამერიკულ მხარეს, ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს, და ამ საკითხს დავაყენებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, საჭიროა, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების დეტალური ანალიზი.

„თუ ვიტყვით, რომ ირანი რუსეთის მოკავშირეა იარაღის მიწოდებაში, მაშინ სერიოზული დარტყმები განხორციელდა „შაჰედებისა“ და რაკეტების, სხვა შესაძლებლობების წარმოებაზე. ამაზე ბევრი ითქვა და ირანსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მართლაც შედგა. იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი წარმოება ან რუსეთისთვის გადაცემა შემცირდება. ეს უკრაინას დაეხმარება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების შედეგია აშშ-ის დახმარების ზრდა ისრაელისთვის.

„გვინდა, რომ ამის გამო არ შემცირდეს უკრაინისთვის დახმარება. ბოლოს ეს ის ფაქტორი იყო, რომელმაც შეანელა უკრაინისთვის დახმარება და ეს ფაქტია. დახმარების შემცირება ან შენელება, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენთვის ერთი და იგივეა. ვფიქრობ, რომ ეს სამი მთავარი ფაქტორია“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, არსებობს მეოთხე ფაქტორიც, კერძოდ, როგორ იქცევა რუსეთი, თუმცა ამაზე პასუხი ჯერ კიდევ რთულია.