ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ენერგეტიკულ სექტორზე ცეცხლის შეწყვეტა განიხილეს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ენერგეტიკულ სექტორზე ცეცხლის შეწყვეტა განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განიხილეს ენერგეტიკულ სექტორზე ცეცხლის შეწყვეტა.

„ბოლო პერიოდში ეს ალბათ ყველაზე შინაარსიანი საუბარი იყო. განწყობა იყო სწორი, საკმარისად დეტალური. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, მოთხოვნები ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ. ჩვენ მივიღეთ სიგნალები ამერიკული მხარისგან, რომ, სავარაუდოდ, საქმე ეხება ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტას, რაც ნიშნავს ორივე ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევების შეწყვეტას. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვამზადოთ იმ ობიექტების სია, რომლებსაც ჩვენ პრიორიტეტულად მივიჩნევთ და რასაც ჩვენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურად მივიჩნევთ. ეს შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურას, როგორიცაა რკინიგზა“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების დროს ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება.

„ეს იქნება გამოწვევა ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ დავიცავთ უკრაინას მაქსიმალურად ამ საკითხებში, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება ჩვენთვის. პრეზიდენტ ტრამპს ესმის, რომ სამართლებრივად ჩვენ არ ვცნობთ არანაირ ტერიტორიებს“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპთან განიხილა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხიც. „კიევი მზად იქნება, განიხილოს აშშ-ის მონაწილეობა ატომური სადგურის მოდერნიზებასა და ინვესტირებაში, თუ ის დაუბრუნდება უკრაინას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.