ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან „პოზიტიური და კონკრეტული“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს „კარგი, პოზიტიური და კონკრეტული საუბრისთვის“.
„ჩვენი საერთო ხედვაა: ცეცხლის დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო შეწყვეტა საჭიროა, სულ მცირე, 30 დღით. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ეს დაიწყოს ორშაბათიდან, 12 მაისიდან. ველოდებით რუსეთის პასუხს. ცეცხლის შეწყვეტა როდესაც მოხდება, იქნება უკეთესი შანსი დიპლომატიისთვის. უკრაინა მზადაა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერი ფორმატით“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რომ კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ხუთივე ლიდერმა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ემანუელ მაკრონმა, ფრიდრიხ მერცმა, დონალდ ტუსკმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარი გამართეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
„მსურველთა კოალიცია“ მოუწოდებს რუსეთს 12 მაისიდან დათანხმდეს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას 30 დღის ვადით.