ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს ვიქტორ ორბანზე გავლენის მოხდენა სთხოვა, რომელიც ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციას ეწინააღმდეგება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს ვიქტორ ორბანზე გავლენის მოხდენა სთხოვა, რომელიც ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციას ეწინააღმდეგება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე, ვიქტორ ორბანზე გავლენის მოხდენა სთხოვა, რომელიც ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციას ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.

უკრაინის ლიდერს ჰკითხეს, ესაუბრა თუ არა ტრამპს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და უჭერს თუ არა ამას მხარს აშშ-ის პრეზიდენტი.

„დონალდ ტრამპი მხარს უჭერს უკრაინას, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრს. ჩვენ ეს საკითხი მასთან განვიხილეთ. ამას მხარს უჭერს და ესმის, ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია. უკრაინა ევროპის ნაწილია – გეოგრაფიულად, გეოპოლიტიკურად და ისტორიულად“, – უპასუხა ზელენსკიმ კითხვას და აღნიშნა, რომ ტრამპთან საუბარში უნგრეთის ვეტოს საკითხიც ახსენა, ასევე დონალდ ტრამპს დახმარება სთხოვა.

„ჩვენ ვისაუბრეთ უნგრეთის ლიდერის მხრიდან ბლოკირებაზე. პრეზიდენტ ტრამპს ვკითხე, დამიჭერდა თუ არა მხარს, რომ დაგვეხმაროს. მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რაც მის ძალებშია“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

შესაძლო ვადებთან დაკავშირებით ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპს ეს არ უხსენებია.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბუდაპეშტის მიერ ევროკავშირისკენ უკრაინის გზის ბლოკირება, ფაქტობრივად, რუსეთის მხარდაჭერას ნიშნავს.

„ჩვენ არ ვისურვებდით, რომ ორბანი მხარს უჭერდეს რუსეთს, რადგან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვა პუტინის ძალიან კონკრეტული მხარდაჭერაა და ეს, უპირობოდ, კარგი არ არის“, – თქვა უკრაინის ლიდერმა.