ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჟენევაში მოლაპარაკებებზე ტერიტორიების საკითხში სამივე მხარეს - უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს განსხვავებული პოზიციები ჰქონდა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე ტერიტორიების საკითხში სამივე მხარეს – უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს განსხვავებული პოზიციები ჰქონდა.
„პოლიტიკური მიმართულებით ყველაფერი უფრო რთულია – გვაქვს სამი განსხვავებული პოზიცია ტერიტორიების საკითხზე. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით, ვყოფილიყავით ძალიან კონსტრუქციულები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შემდეგი შეხვედრა ასევე შვეიცარიაში გაიმართება. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის მზად, მხარი დაუჭიროს რუსეთისთვის დონბასის დათმობას.
„მე ვერ დავუჭერ მხარს ასეთ იდეას. ვფიქრობ, რთულ გარემოებებშიც კი ჩვენი ხალხი მზად არ იქნება, რადგან ათეულობით ათასი უკრაინელი დაიღუპა დონბასის დასაცავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინამ ყველაფერი შეასრულა ნატო-ში გასაწევრიანებლად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსის წევრი ქვეყნები მიიღებენ.
„ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. ჩვენ უკვე გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ვუთხარით, რომ მზად ვართ, გავხდეთ ნატო-ს ნაწილი და ყველა მოკავშირე გავაძლიეროთ. კიდევ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? არაფერი. ახლა ბურთი ჩვენი პარტნიორების, ნატო-ს ქვეყნების მხარეზეა“, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.