ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დასავლელმა ლიდერებმა უნდა განაგრძონ დონალდ ტრამპისადმი მოწოდება, „გამოიყენოს რეალური გავლენა, რათა აიძულოს პუტინი, დაასრულოს ეს ომი“
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია, აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი და ამისთვის საჭიროა დონალდ ტრამპთან თანამშრომლობა.
აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ღიად უარყოფს ყველა სამშვიდობო ინიციატივას“.
„ყველას მოგიწოდებთ, ითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან, რათა რუსულ ნავთობზე მკაცრი ზღვრული ფასი დაწესდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დასავლელმა ლიდერებმა უნდა განაგრძონ აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწოდება, „გამოიყენოს თავისი რეალური გავლენა, რათა აიძულოს პუტინი, დაასრულოს ეს ომი“.
„რუსეთმა დაბლოკა ყველა მცდელობა და ჩვენ უნდა განვაგრძოთ ზეწოლა ყველა მიმართულებით, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ მშვიდობას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა დროზე ადრე დატოვა „დიდი შვიდეულის“ სამიტი, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა იყო დაგეგმილი. დონალდ ტრამპის თქმით, მან უნდა თვალი ადევნოს ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტს.