ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთმა ორჯერ სცადა იერიში იმ თვითმფრინავზე, რომელშიც თავად იმყოფებოდა

01:00, 16.09.2026

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთმა ორჯერ სცადა იერიში იმ თვითმფრინავზე, რომელშიც თავად იმყოფებოდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიბიეს ნიუსთან” ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის განცხადებით, მისი საპრეზიდენტო თვითმფრინავი მოლდოვაში იმყოფებოდა და სწორედ ამის გამო გახდა ქვეყანა რუსეთის თავდასხმის სამიზნე.

„მოლდოვაში ჩემი საპრეზიდენტო თვითმფრინავი იმყოფებოდა და სწორედ ამიტომ შეუტიეს მოლდოვას. სახლში როდესაც  ვბრუნდებოდით, კვლავ კიშინეუს გავლით, მათ იგივე გააკეთეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რამდენიმე დღის შემდეგ, უკრაინაში მისი დაბრუნების დროს, მოლდოვის საჰაერო სივრცეში ერთმა ან ორმა დრონმაც შეაღწია – ამ ინციდენტის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსგავსი ინციდენტები რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც მისი და სხვა უცხოელი ლიდერების დაშინებაა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, 13 სექტემბერს რუსული დრონი მოხვდა სამოქალაქო მატარებელს უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე. მისივე განცხადებით, იმავე დროს, იაგოდინის სადგურზე სხვა მატარებელიც იმყოფებოდა, რომლითაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, დევიდ პეტრეუსი და ევროპელი მაღალჩინოსნები მგზავრობდნენ.

„შესაძლოა, მათ არ იცოდნენ, რომ იქ ამერიკელები იმყოფებოდნენ, ან, შესაძლოა, პირიქით – იცოდნენ, რადგან მე მათ არ ვენდობი. ვფიქრობ, რომ მათ ეს იცოდნენ. ევროპელები, ამერიკელები – დიდი დელეგაცია იყო ამ მატარებელში და ისინი თავს დაესხნენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი