ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბოლო კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 700-მდე უპილოტო საფრენი აპარატი, 1 630-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 95 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა

14:32, 26.07.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში რუსულმა მხარემ უკრაინის წინააღმდეგ 1 700-მდე უპილოტო საფრენი აპარატი, 1 630-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 95 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, რომელთაგან ნახევარზე მეტი ბალისტიკურია.

„ყოველდღიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, რათა ჩვენს მეომრებს ჰქონდეთ ის, რითაც ამ დარტყმებს დაუპირისპირდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური აღჭურვილობის პაკეტები დროულად მივიღოთ. ყოველი რაკეტა ახლა, პირდაპირი გაგებით, ეხმარება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას, თუ ის აქ, უკრაინულ სისტემებშია და არა პარტნიორების საწყობებში“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ბოლო იერიშებზე.

მისივე თქმით, ხარკოვში საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული თავდასხმის ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს – დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

„ბევრი სამიზნის ჩამოგდება მოვახერხეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ყველასი. დარტყმები განხორციელდა ხერსონის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმის, ოდესის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიესა და ჩერნიგოვის ოლქებსა და კიევზე. დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტებით მიაყენეს დარტყმა, სამი ადამიანი დაშავდა“, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი