ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილების ევაკუაცია იგეგმება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან იგეგმება ექიმებისა და დაჭრილების გამოყვანა. აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„მადლობას ვუხდი წითელი ჯვრის კომიტეტის გუნდს და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დაგვეხმარნენ „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის პირველი ეტაპის განხორციელებაში. 300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა – ქალების და ბავშვების. სამოქალაქო პირები „აზოვსტალიდან“ ფაქტობრივად, გამოვიყვანეთ. ახლა ვემზადებით საევაკუაციო მისიის მეორე ეტაპისთვის – დაჭრილებისა და ექიმების გამოყვანისთვის. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეთანხმების მიხედვით თუ იქნება. რა თქმა უნდა, თუკი არ იქნება ტყუილი. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ჩვენი სამხედროების გამოყვანაზე. ყველა იმ გმირის, რომელიც იცავს მარიუპოლს. ძალიან რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის ამის სირთულის მთავარი მიზეზი და ასევე, სად არის ეს მიზეზი. მაგრამ იმედს არ ვკარგავთ. ჩვენ არ ვჩერდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.