ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, კაროლ ნავროცკი პოლონეთში „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ დროშის აკრძალვის მოთხოვნით გამოვიდა – „ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა“
ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა (OUN) და მისი მებრძოლი ფრთის „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ (UPA) დროშის საკანონმდებლო აკრძალვის მოთხოვნით გამოვიდა.
მედიის ცნობით, ნავროცკიმ ამის შესახებ უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ რადრუჟში გამართული მემორიალური ღონისძიებების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, მეამბოხეების წითელ-შავი დროშა პოლონეთში კანონიერად უნდა აიკრძალოს.
„ჩვენ არ გვინდა, ეს პოლონეთში ვნახოთ – და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მე მჯერა, რომ პოლონეთის პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაციონალისტების მთელი იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები მოკლეს“, – განაცხადა ნავროცკიმ.
პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ადანაშაულებს არა უკრაინელ ხალხს, არამედ „ბანდერას იდეოლოგიას“, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინა და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში კვლავ იყენებს წითელ-შავ დროშას.
„ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ვოლინის ტრაგედიის გამო ბოლო პერიოდში პოლონელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება 19 ივნისს მიიღო.
კაროლ ნავროცკის განმარტებით, გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თანახმაა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდება მიენიჭოს. 83 წლის წინ პოლონელებით დასახლებულ ქალაქ ვოლინში და სხვა დასახლებებში უკრაინის აჯანყებულთა არმიის ქმედებებს ოფიციალური ვარშავა გენოციდად აფასებს და შესაბამისი აქტი საპარლამენტო დონეზეც აქვს მიღებული.