ვოლფგანგ იშინგერი - რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურა დაამსხვრია
ვოლფგანგ იშინგერი - რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურა დაამსხვრია

რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურა დაამსხვრია, – ეს განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა გააკეთა.

„წელს გერმანელებისთვის მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ. ეს არის გერმანიის გაერთიანების დღე, როდესაც გერმანიის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ბერლინის და ევროპის გამყოფმა კედელმა არ უნდა გადაინაცვლოს აღმოსავლეთით ათასობით კილომეტრით. მივაღწიეთ კი წარმატებას? მგონი, ვერ. ხომ არ ვთქვით უარი ევროატლანტიკური არქიტექტურის მშენებლობაზე, რომელიც მთელ ევროპას და მათ შორის რუსეთს მოიცავს? იმედი მაქვს – არა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაცნობიერებთ, რომ რუსეთი ევროპას დაშორდა; იმ შემთხვევაშიც, როდესაც რუსეთის სამხედრო აქტივობები სირიაში, ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად მიუღებელია; მაშინაც კი, თუ ჩვენ გვჯერა, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურა დაიმსხვრა უკრაინასა და საქართველოში. თუმცა მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ჩვენი, გერმანელების ვალია, კარი ღია იყოს, რომ მცდელობები არ შეწყდეს“, – განაცხადა მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარემ.

იშინგერმა ასევე დასავლეთში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ წელს მიუნხენის კონფერენცია დასავლეთზე იქნება ფოკუსირებული.

„შარშან „ნიუ იორკ თაიმსში“, მიუნხენის 2019 წლის კონფერენცია დაახასიათეს, როგორც დასავლეთის რეკვიემი. სამყარო ძალიან საშიშ და ხშირად კანონგარეშე ადგილად იქცა. დასავლეთი, როგორც ჩანს, იდენტობის კრიზისს განიცდის. ეს არ ეხება მხოლოდ სამყაროს, რომელიც ნაკლებად დასავლური ხდება, არამედ თავად დასავლეთიც უკვე ნაკლებად დასავლურია. ეს არის ფენომენი, რომელსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 2020 წლის ანგარიშში ვუწოდეთ ჩვენს მიერ გამოგონილი სიტყვა – დასავლეთის ნაკლებობა. წლევანდელი კონფერენცია ფოკუსირებულია დასავლეთზე. ჩვენ უნდა განვიხილოთ ჩვენი ფესვები და ვინ ვართ ჩვენ, რადგან ეს განსაზღვრავს, რისი გაკეთება შეგვიძლია და რას გავაკეთებთ ერთად. ჩვენ ვერ ვხედავთ საკმარისად კოლექტიურ ქმედებებს. ჩვენ ვერ ვხედავთ კოლექტიურ ქმედებებს, რომლითაც ვუპასუხებთ ყველაზე მნიშვნელოვან კრიზისს და ყველაზე საშიშ საფრთხეებს. ადამიანები კვდებიან, შეიარაღების რბოლა გრძელდება და პლანეტაზე ტემპერატურა სწრაფად იმატებს. არ არის საკმარისი, რომ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა ადამიანებმა მხოლოდ მხრები აიჩეჩონ და თქვან, რომ ეს ასეა“, – განაცხადა მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა.