ვოლფგანგ იშინგერი - კონფლიქტების მოგვარების საკითხში საერთაშორისო საზოგადოება „უპატიებელ მარცხს“ განიცდის
ვოლფგანგ იშინგერი - კონფლიქტების მოგვარების საკითხში საერთაშორისო საზოგადოება „უპატიებელ მარცხს“ განიცდის

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის განცხადებით, კონფლიქტების მოგვარებაში საერთაშორისო საზოგადოება „უპატიებელ მარცხს“ განიცდის.

იშინგერი ამბობს, რომ სირიისა და ლიბიის კონფლიქტები საერთაშორისო საზოგადოების მარცხზე მიუთითებს, რაც შემაშფოთებელია.

„ჩვენ გვაქვს მეტი კრიზისი, უფრო სერიოზული კრიზისები, მეტი საშინელი ამბები, ვიდრე ვინმეს შეუძლია, წარმოიდგინოს“ -აღნიშნა იშინგერმა.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ კონფერენციაზე ნატო-ს მოკავშირეებს ერთგვარი კონფლიქტური სიტუაცია ექნებათ, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-სგან ევროპის მეტი დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. მხარეებს უთანხმოება აქვთ სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილ ვითარებაზე. ასევე სამიტზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ავღანეთი.

კონფერენციაზე გამგზავრების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-მა თალიბანთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწია. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სამშვიდობო შეთანხმება მალე გაფორმდება.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა აშშ-ის პრეზიდენტის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა იქნება, რომელიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს უკავშირდება. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ინიციატივას ისრაელის მიმართ მიკერძოებული უწოდა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდა, მშვიდობის უზრუნველყოფისთვის საკუთარი იდეები წარადგინონ.