„ვოლ სთრით ჯორნალი“ - პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდის გაგზავნას გეგმავს
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდის გაგზავნას გეგმავს. „ვოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, პენტაგონმა მეორე ავიამზიდის დამრტყმელ ჯგუფს ახლო აღმოსავლეთში განლაგებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა, რადგან აშშ-ის სამხედრო ძალები ირანზე პოტენციური თავდასხმისთვის ემზადებიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში ის განიხილავს მეორე ავიამზიდის გაგზავნას ახლო აღმოსავლეთში, რათა მოემზადოს სამხედრო მოქმედებებისთვის.
გამოცემის თანახმად, აშშ-ის ავიამზიდი „ჯორჯ ბუში“ ამჟამად ვირჯინიის სანაპიროსთან წვრთნებს ატარებს და შესაძლოა, სწორედ ეს ხომალდი გაიგზავნოს ახლო აღმოსავლეთში.
ავიამზიდის ბორტზე „ეფ-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებია განთავსებული. ამ შემთხვევაში გემი შეუერთდება აშშ-ის საზღვაო ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელ ჯგუფს, რომელიც უკვე იმყოფება რეგიონში.