„ვოლ სტრიტ ჯორნალი“ - კიმ ჩენ ინის ძმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმატორი იყო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ძმა, რომელიც მალაიზიაში მოკლეს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმატორი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ვოლ სტრიტ ჯორნალი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, კიმ ჩენ ნამი სააგენტოს თანამშრომლებს რამდენჯერმე შეხვდა და 2017 წელს მალაიზიაშიც სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა, მანამდე კი კუნძულ ლანკავიზე კორეულ-ამერიკული წარმოშობის პირსაც ესაუბრა.
როგორც „ვოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, ზოგიერთი ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ნამი კონტაქტზე იმყოფებოდა სხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან, რომლის ანკლავ მაკაოშიც ის ძირითადად ცხოვრობდა.
კიმ ჩენ ნამი კუალა ლუმპურის აეროპორტში 2017 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა. მიზეზი კანთან მომწამლავი ნივთიერების შეხება გახდა, რომლითაც გაჟღენთილი ხელსახოცი სახეზე აეროპორტში ორმა მისთვის უცნობმა ქალმა მიაფარა.