ვლოცულობთ, რომ ომი მალე დასრულდეს - უეფა-ს პრეზიდენტს „მარიუპოლის“ მაისური გადასცეს #1TVSPORT
ვლოცულობთ, რომ ომი მალე დასრულდეს - უეფა-ს პრეზიდენტს „მარიუპოლის“ მაისური გადასცეს #1TVSPORT

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთი კარგი საშუალებაა ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად. მან ეს ხორვატიაში, დონეცკის „შახტარის“ საფეხბურთო-საქველმოქმედო მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დონბასელებმა ბოლო მატჩი სპლიტის „ჰაიდუკთან“ გამართეს (3:3). შეხვედრის შემდეგ გუნდის დირექტორმა, სერგეი პალკინმა უეფა-ს პრეზიდენტს მაისურა გადასცა წარწერით – „მარიუპოლი“.

„ეს არის კეთილგანწყობის მშვენიერი ჟესტი, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ ვრჩებით ადამიანებად და ვზრუნავთ ერთმანეთზე, ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რადგან ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი კატასტროფაა. უკრაინელი ხალხი ერთიანობას აჩვენებს და მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ, რომ ეს ფეხბურთის წყალობითაც ხდება, რადგან ფეხბურთი ცხოვრების სკოლაა, ის გვაერთიანებს და ომის შემდეგ კიდევ უფრო გაგვაერთიანებს“, – ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს „შახტარის“ ოფიციალური ვებგვერდი.

ამ მატჩით „შახტარმა“ ევროპის საქველმოქმედო ტური დაასრულა და ხუთი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ჩეფერინი „ჰაიდუკთან“ მატჩს დაესწრო. ამის შემდეგ დონეცკის კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი სლოვენიაში გაემგზავრა, სადაც უკრაინის ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო.