ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის გაცემის წესის გამარტივება სურს
ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის გაცემის წესის გამარტივება სურს

ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის გაცემის წესის გამარტივება სურს. როგორც უკრაინული მედია წერს, პრეზიდენტმა უკვე მიმართა შესაბამისი ინიციატივით საგარეო საქმეთა სამინისტროს. კერძოდ, უნდა შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომლითაც „საზღვარგარეთ მცხოვრებ უკრაინელებს და ასევე მათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევის გამო იტანჯებიან, უკრაინის მოქალაქეობის მიღება იოლად შეეძლოთ.“

შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ფეისბუქის გვერდზე 17 ივლისს გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია რომ „მეგობარ ქვეყნებში მყოფ უკრაინელებს, რომლებიც ისწრაფვიან ისტორიული სამშობლოს განვითარებაში ჩაერთონ, უკრაინის მოქალაქეობის მიღება არ უნდა გაუჭირდეთ”.

როგორც ტექსტიდან ჩანს, ამ ზომებს ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის საპასუხოდ მიმართა. მანამდე ვლადიმირ პუტინმა დონბასის მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტის გაცემის წესი გაამარტივა.

ზელენსკის ოფისში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამწუხაროა. „ვფიქრობთ, ეს დამატებით ბარიერებს შექმნის, კონფლიქტის დეესკალაციისა და დონბასის რეინტეგრაციის პროცესში“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.