ვლადიმირ ზელენსკის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრა წარმატებულად ჩატარდა, თუმცა მხარეებს ყირიმის საკითხი არ განუხილავთ
უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა პარიზში, ელისეის სასახლეში 15 წუთს გაგრძელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც მედიის წარმომადგენლებთან ვლადიმირ ზელენსკის პრესმდივანმა, იულია მენდელმა განაცხადა, შეხვედრა „ძალიან წარმატებულად“ ჩატარდა, თუმცა, მხარეებს ყირიმის საკითხი არ განუხილავთ.
გავრცელებული ინფორმაციით, პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ, ლიდერებს მათი დელეგაციების წევრებიც შეუერთდნენ და საერთო ჯამში, შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
პარიზში, აღმოსავლეთ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის ფარგლებში შეხვედრა უკვე გაიმართა. სამიტის დასასრულს ოთხივე ქვეყნის ლიდერი ერთობლივ კონფერენციას გამართავს.