ვლადიმირ ზელენსკის მრჩევლებმა ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
ვლადიმირ ზელენსკის მრჩევლებმა ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მრჩევლებმა ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკომისიის წარმომადგენელმა კატარინა მატერნოვამ დაწერა.

ბრიუსელში შეხვედრებში ალექსანდრ დანილიუკი და რუსლან რიაბოშაპკა მონაწილეობენ.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკის გუნდში დანილიუკი საერთაშორისო ურთიერთობებს, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებს კურირებს, რიაბოშაპკა კი, სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე მუშაობს.

როგორც მოგვიანებთ ალექსანდრ დანილიუკმა განაცხადა, ბრიუსელში უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის მრჩევლებმა უკრაინა-ევროკავშირის სამიტისთვის მზადების საკითხი განიხილეს.

„ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ამ სამიტის წარმატებით ჩატარება იქნება“, – აღნიშნა დანილიუკმა.

ევროკავშირი-უკრაინის სამიტი 8 ივლისს გაიმართება.

ამასთან, დანილიუკის თქმით, ზელენსკის პირველი საზღვარგარეთ ვიზიტის გეგმები ჯერ უცნობია. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ინფორმაციით, ზელენსკი სავარაუდოდ 5 ივლისს ტორონტოში, უკრაინაში მიმდინარე რეფორმებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრება.