უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლეს, ელენას კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პირველი ლედი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ადასტურებს.

„კარანტინის შემსუბუქება არ ნიშნავს, რომ „კოვიდ-19“ გაქრა. საფრთხე არ დასრულებულა, ის ახლოსაა. იმაზე ახლოს, ვიდრე შესაძლოა, გვეჩვენება. დღეს მე კორონავირუსზე ტესტის დადებითი შედეგი მივიღე. მოულოდნელი სიახლეა. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მე და ჩემი ოჯახი ვაგრძელებთ ყველა წესის დაცვას – ნიღბები, ხელთათმანები, მინიმუმამდე დაყვანილი კონტაქტები… აქვე გეტყვით, რომ თავს კარგად ვგრძნობ და აბულატორიულ მკურნალობაზე ვარ, ოჯახის სხვა წევრებისგან იზოლირებულად, რომ მათ საფრთხე არ შევუქმნა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე.

კორონავირუსზე ტესტი უკრაინის პრეზიდენტსა და მის შვილებსაც ჩაუტარდათ, თუმცა მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ელენა ზელენსკას კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეხვედრების დროს პირველი ლედი ყოველთვის იცავს კარანტინის წესებსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ის კორონავირუსზე ტესტს სისტემატურად იტარებს.

ამასთან, ჯერ უცნობია, საიდან დაინფიცირდა უკრაინის პირველი ლედი.