ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ირანმა თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეების ოჯახებს, კომპენსაციის სახით, 80 000 დოლარი შესთავაზა
ირანის ხელისუფლებამ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეების ოჯახებს, კომპენსაციის სახით, 80 000 დოლარი შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ამ თანხას არასაკმარისად მიიჩნევს.
„მათ მაშინვე შესთავაზეს თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 80 000 დოლარი, თუმცა ჩვენ ამას არ დავთანხმდით. მიმაჩნია, რომ ეს ცოტაა. მართალია, ადამიანის სიცოცხლე არანაირი ციფრებით, არანაირი ფულით არ იზომება, თუმცა ჩვენ მივაწვებით, რომ თანხა მეტი იყოს“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ამასთან, ვლადიმირ ზელენსკიმ თეირანისგან კვლავ მოითხოვა ჩამოგდებული თვითმფრინავის ბორტჩამწერების დაბრუნება.
„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო „ბოინგი“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. სამი დღის შემდეგ ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ თვითმფრინავი სამხედროებმა შეცდომით ჩამოაგდეს.