ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებს პრემიებს დაურიგებენ
ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებს პრემიებს დაურიგებენ

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღლუმის გამართვის ნაცვლად, სამხედრო მოსამსახურეებს პრემიებს დაურიგებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო და ინფორმაცია სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა.

ვლადიმირ ზელენსკის განმარტებით, სამხედრო აღლუმი პომპეზური და ძვირიანი ღონისძიებაა, ამიტომ მის ორგანიზებაზე თანხის დახარჯვის ნაცვლად, ყველა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის პრემიისთვის 300 მილიონ გრივნას გამოყოფს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღლუმის გაუქმების მიუხედავად უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს მაინც აღნიშნავენ, უბრალოდ ის სხვა ფორმატით წარიმართება.

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავენ. 2018 წლის ღონისძიებაში მონაწილეობა 4,5 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. მაშინ დედაქალაქ კიევში 250 ერთეული მძიმე  სამხედრო ტექნიკა გამოიყვანეს.