ვლადიმირ ზელენსკიმ ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში გამართული პოლიტიკური მრჩევლების შეხვედრა დადებითად შეაფასა
ვლადიმირ ზელენსკიმ ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში გამართული პოლიტიკური მრჩევლების შეხვედრა დადებითად შეაფასა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ამჟამად უკრაინისთვის პრიორიტეტული დონბასის რეგიონში სტაბილურობის მიღწევაა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა იყოს გარანტირებული და საიმედო, რის საფუძველზეც მოხდება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.

ზელენსკიმ დადებითად შეაფასა პოლიტიკური მრჩევლების შეხვედრა, შეხვედრის კონსტრუქციული ხასიათი და მიესალმა ორ კვირაში მოლაპარაკებების ბერლინში გაგრძელებას.

ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონბასის რეგიონში მინსკის შეთანხმებების შესრულებით მშვიდობის მისაღწევად, სავალდებულო ელემენტად ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრის ორგანიზებას მიიჩნევს.

„ამჟამად, ჩვენი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული დონბასში სტაბილურობის და სიმშვიდის მიღწევაა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა იყოს გარანტირებული, სანდო და სწორედ ამის საფუძველზე მოხდება შემდგომი ნაბიჯების გადადგა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პარიზში პოლიტიკური მრჩევლების შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს მინსკის შეთანხმებების ფარგლებში არსებული უთანხმოებები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის გადაწყვეტილება უპირობოდ უნდა იქნას დაცული.