ვლადიმირ ზელენსკიმ დონბასის სეპარატისტული რეგიონების განსაკუთრებული სტატუსის ერთი წლით გახანგრძლივების კანონს ხელი მოაწერა
ვლადიმირ ზელენსკიმ დონბასის სეპარატისტული რეგიონების განსაკუთრებული სტატუსის ერთი წლით გახანგრძლივების კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ დონბასის სეპარატისტული რეგიონების განსაკუთრებული სტატუსის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. უმაღლესმა რადამ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა 12 დეკემბერს 320 ხმით დაამტკიცა.

ზელენსკის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ერთი წლით ახანგრძლივებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების რაიონების ნაწილის ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებულ წესს. დონბასის განსაკუთრებული სტატუსის გახანგრძლივება დეკემბრის დასაწყისში პარიზში გამართული ნორმანდიული სამიტის შედეგად მოხდა. კანონის ვადა 31 დეკემბერს იწურებოდა და აღნიშნული ფაქტი უკრაინის პრეზიდენტს რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ერთობლივ პრესკონფერენციაზეც შეახსენა.

ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებული წესის შესახებ კანონი უმაღლესმა რადამ პირველად 2014 წელს, სექტემბერში მიიღო. ის ამავე წლის ოქტომბერში სამი წლის ვადით შევიდა ძალაში. დოკუმენტის თანახმად, დონბასის განსაკუთრებული სტატუსი ძალაში შედის კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულების შემდეგ. აღნიშნულ პირობებს შორისაა უკრაინის ტერიტორიიდან ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების, სამხედრო ტექნიკისა და დაქირავებული მებრძოლების გაყვანა.