ვლადიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტ სავიკ შუსტერს მიმართა - თქვენ ოლიგარქს ემსახურებით, მე კი ჩემს სამუშაოს ვასრულებ
ვლადიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტ სავიკ შუსტერს მიმართა - თქვენ ოლიგარქს ემსახურებით, მე კი ჩემს სამუშაოს ვასრულებ

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ჟურნალისტებთან პრესმარათონს მართავს, რა დროსაც 30-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენლის შეკითხვებს პასუხობს. პრესკონფერენციის დროს, უკრაინის ლიდერმა ჟურნალისტი სავიკ შუსტერი გააკრიტიკა.

„სავიკ, თქვენ შესაძლოა, ბოროტი განზრახვით არ ემსახურებით ოლიგარქებს, თუმცა თქვენ ემსახურებით“, – მიმართა ზელენსკიმ ჟურნალისტს და აღნიშნა, რომ ის არის „ქვეყანაში სიტუაციის ერთ-ერთი დეტსაბილიზატორი“.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, შუსტერი თემებითა და ინფორმაციით მანიპულირებს.

„არის ბევრი მანიპულაცია. მე თქვენ არ გადანაშაულებთ, თუმცა თქვენ ხართ უკრაინაში ერთ-ერთი დესტაბილიზატორი. თქვენ იღებთ ერთ თემას, ენერგეტიკულს – „სახელმწიფომ არ შეისყიდა ქვანახშირი და ა.შ. თქვენ იცით, რა არის თბოგენერაცია? თქვენ ხომ ჭკვიანი ადამიანი ხართ. სახელმწიფოს ეკუთვნის ნაკლები, ვიდრე კერძო სტრუქტურებს. შესყიდვებზე პასუხისმგებლობა კერო სტრუქტურებზეა. ეს უნდა იყოს სოლიდარული სამუშაო… ჯერ კიდევ გუშინ თქვენს არხზე მე ვნახე: „არაფერი არ არის“, „არ არის მზად“, „არ შეისყიდეს“. ეს ხომ ომია, რთულია ამ ქვანახშირზე შეთანხმების მიღწევა. მისი იმპორტირება ხომ ადრე რუსეთიდან ხდებოდა, ხოლო თუკი ელექტროენერგია არ გვყოფნის, იმპორტით უნდა შემოვიტანოთ. თქვენ კი ეგრევე აჩვენებთ, რომ „არ შეიძლება ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტირება“. როგორ არ შეიძლება? რომელიმე ქალაქისთვის რომ არ გვეყოს?“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

არსებული ვითარება უკრაინის პრეზიდენტმა მედიაომად შეაფასა.

„მიმაჩნია, რომ თქვენ ემსახურებით ოლიგარქს, მე კი ჩემს სამუშაოს ვასრულებ. სხვადასხვა მხარეს ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, მანამდე ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში დეკემბრის დასაწყისისთვის სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომელშიც ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის ჩათრევას მისი ახლო გარემოცვა ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „უკრაინა“, რომლის ეთერშიც სავიკ შუსტერის გადაცემა გადის, სწორედ რინატ ახმეტოვის კუთვნილ ჰოლდინგში შედის.

დატოვე კომენტარი