ვლადიმირ ზელენსკიმ 29 აგვისტო უკრაინის დამცველების ხსოვნის დღედ გამოაცხადა
ვლადიმირ ზელენსკიმ 29 აგვისტო უკრაინის დამცველების ხსოვნის დღედ გამოაცხადა

ვლადიმირ ზელენსკიმ 29 აგვისტო უკრაინის დამცველების ხსოვნის დღედ გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საზეიმო ცერემონიაზე ქვეყნის პირველმა პირმა სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

სიტყვით გამოსვლას რუსეთზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია. ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და დონბასის კონფლიქტი ბავშვებს შეადარა, რომელთაგანაც ერთი მშობელს მოსტაცეს, ხოლო მეორე ოთახში ჩაკეტეს და შეიარაღებული დაცვა დაუნიშნეს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დადგება დღე, როდესაც მთელი ქვეყანა გაერთიანდება, რადგან მშობლიური სისხლი გაიმარჯვებს.

დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში კიევში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების და ევრომეიდანზე დემონსტრაციების დროს დაღუპული აქტივისტების მემორიალური ღონისძიება გაიმართა. ცერემონია წუთიერი დუმილით დაიწყო, რასაც უკრაინელი გმირების დაჯილდოების ცერემონია მოჰყვა.

წელს უკრაინაში ტრადიციული სამხედრო აღლუმი არ გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის დღეს აღლუმის გამართვის ნაცვლად, სამხედრო მოსამსახურეებს პრემიებს დაურიგებენ.

ვლადიმირ ზელენსკის განმარტებით, სამხედრო აღლუმი პომპეზური და ძვირიანი ღონისძიებაა, ამიტომ მის ორგანიზებაზე თანხის დახარჯვის ნაცვლად, ყველა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის პრემიისთვის 300 მილიონ გრივნას გამოყოფს.

დატოვე კომენტარი