ვლადიმირ ზელენსკი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტერიტორიებზე გამყოფი ხაზები აღარ გვქონდეს
ვლადიმირ ზელენსკი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტერიტორიებზე გამყოფი ხაზები აღარ გვქონდეს

საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას აერთიანებთ სამიზნე წერტილი, მიაღწიონ სრულ ევროპულ ინტეგრაციას და აქვთ შესაძლებლობა, ამ გზაზე წარმატებით იარონ.

„მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს ბათუმში ჩვენი მასპინძლობისთვის. ძალიან მიხარია, რომ სტუმართმოყვარე საქართველოში ვარ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, პირველად მაქვს პრეზიდენტის როლში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა. ძალიან კარგ საზოგადოებაში მიწევს ყოფნა, ამ შესაძლებლობას ვიყენებ და მივესალმები ქალბატონ მაია სანდუს, ვულოცავ საპრეზიდენტო არჩევნებში შესანიშნავ გამარჯვებას და მივესალმები მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებს.

ევროპისადმი მისწრაფების კონტექსტში ერთად პირველად შევიკრიბეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ პირველად განვაცხადეთ საერთო მიზნების შესახებ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ. ჩვენ გვაერთიანებს არა მარტო მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ ჩვენი სურვილი, რომ ამ ტრიომ ეს გზა ხელიხელ ჩაკიდებულმა გავიაროთ, ჩვენი ქვეყნებისთვის მივაღწიოთ სრულ ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ დარწმუნებული შეგვიძლია, ვიყოთ, ეს სამიზნე წერტილი მიღწევადია, რადგან შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 49-ე მუხლის ფარგლებში, რომ ამ გზაზე წარმატებით ვიაროთ. ჩვენ ასევე გთავაზობთ, როგორც ბატონ მიშელს შევთავაზე, რომ მოხდეს ევროპული საბჭოს პრინციპების გადახედვა, ახალი მიდგომებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე აღმოსავლეთის ტრიოს უნდა მიეცეს საშუალება, წარმოადგინოს თავისი წარმატება, სტრატეგიული მიზნები პარტნიორობისთვის და ამ ტრიოს პოლიტიკური მნიშვნელობა. ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამიტის დეკლარაცია, რომელიც ბათუმში გაფორმდა, ასახავს მათ სულისკვეთებას, და ეს მისწრაფება აერთიანებს უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას.

„ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენი შეხვედრის ფარგლებში. არც არის გასაკვირი, საქართველოში ვიზიტი დავიწყე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან, რომელიც ყოფს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და საქართველოს, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ყოველ თვე, როცა ჩავდივარ აღმოსავლეთ უკრაინაში, მე ვხედავ მსგავს სიტუაციას. ჩემი მეგობრები მოლდოვიდან მეუბნებიან, რომ იციან, რა არის ანექსირების საფრთხე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტერიტორიებზე მსგავსი გამყოფი ხაზები აღარ გვქონდეს. ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, შავი ზღვა უნდა იყოს ის სივრცე, სადაც საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობა უნდა განვითარდეს და ჩვენი მიზანი შეიძლება იქნას მიღწეული უკრაინული ინიციატივის, ყირიმის ინიციატივის საფუძველზე. ბატონ მიშელს კიევში 20 აგვისტოს ვიწვევთ ღონისძიებაზე, რომელიც ამ საკითხებზე გააკეთებს აქცენტირებას. ჩვენ კმაყოფილი ვართ ამ მაღალი დონის შეხვედრით და ასევე საზოგადოებას ვამცნობთ, რომ ვაბრუნებთ უკრაინის ორ მოქალაქეს, რომლებიც დაკავებული იყვნენ და მადლობას მოვახსენებ საქართველოს პრეზიდენტს ამ საკითხთან მიმართებით თანამშრომლობისთვის.

ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას მოგახსენებთ და აქვე ყველას გარწმუნებთ, რომ ჩვენი მეგობარი საქართველო, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ისტორიული გამოცდების შემდეგ ცხადყოფს, რომ ძალა ერთობაშია. მქონდა შესაძლებლობა, მენახა მცხეთა, გერგეთის ტაძარი, ვიყავი სხვადსხვა ისტორიულ ადგილას. პირველად ვარ საქართველოში ამ რანგით და ქალბატონ მაია სანდუს ვეუბნები, რომ ძალიან ბევრი ადგილია სანახავი საქართველოში ისტორიული მემკვიდრეობის გასაცნობად. იმედია, მომავალი ვიზიტების ფარგლებში მექნება უფრო მეტი შესაძლებლობა და ვიღებ თქვენს მოწვევას, რომ თქვენს მეგობრულ ქვეყანაში კვლავ ჩამოვიდე. არა მარტო საქართველოს, არამედ მილიონობით ადამიანისთვის ძვირფასი ადამიანი ვახტანგ კიკაბიძე დღეს დაბადებულა, 83 წელი შეუსრულდა, ვულოცავ ბუბას დაბადების დღეს და მიხარია, რომ მეძლევა ეს შესაძლებლობაც, ძალიან ენერგიულია, დიდი შთაგონების წყაროა და ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის წყაროს, სიცოცხლის მოყვარულია“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის სახელმწიფოს მეთაურებმა დღეს ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აერთიანებს.

„ევროპულ ინტეგრაციას ჩვენი ქვეყნებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია და ამ სუვერენულ არჩევანზე ვერც ერთი მესამე მხარე გავლენას ვერ მაოხდენს. ევროკავშირთან ურთიერთობაში ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი ხალხების ძლიერი სურვილი, გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი და ერთად ვართ ჩვენს მისწრაფებაში, ვიმუშაოთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის, რომელიც ევროკავშირში ჩვენი სამი ქვეყნის მომავალ წევრობას გაუხსნის გზას“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.