ვლადიმირ ზელენსკი – ყირიმის პლატფორმის დეკლარაცია ითვალისწინებს მომდევნო აგრესიის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხის განხილვის ვალდებულებას
ყირიმის პლატფორმის დეკლარაცია ითვალისწინებს მომდევნო აგრესიის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხის განხილვის ვალდებულებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის სამიტის დასკვნით გამოსვლაში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, დეკლარაციას მხარი დაუჭირა ყირიმის პლატფორმის ყველა მონაწილემ.
აღსანიშნავია, რომ ყირიმის პლატფორმაში 46 დელეგაცია მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.
„დეკლარაცია მკაფიოდ აფიქსირებს ყირიმის ანექსიის უკანონოდ აღიარებას, მომდევნო აგრესიის შემთხვევაში რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების განხილვის ვალდებულებას, ყველა მონაწილე ქვეყნის ძალისხმევის გაერთიანებას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებისთვის. პირველად საერთაშორისო დონეზე, რუსეთი აღიარებულია ოკუპანტ სახელმწიფოდ და მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უზრუნველყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული და უფლებადამცველი ორგანიზაციების დაუბრკოლებელი დაშვება ყირიმში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილე თითოეულ ქვეყანაში განსაზღვრული იქნება ყირიმის პლატფორმის ოფისთან თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი პირი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმის დეკლარაცია ღიაა სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.