ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინას სურს მშვიდობა, ევროპას სურს მშვიდობა, მსოფლიო ამბობს, რომ არ სურს ომი, რუსეთი კი აცხადებს, რომ თავდასხმას არ აპირებს, რომელიღაც ჩვენგანი ტყუის
ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინას სურს მშვიდობა, ევროპას სურს მშვიდობა, მსოფლიო ამბობს, რომ არ სურს ომი, რუსეთი კი აცხადებს, რომ თავდასხმას არ აპირებს, რომელიღაც ჩვენგანი ტყუის

უკრაინას სურს მშვიდობა, ევროპას სურს მშვიდობა, მსოფლიო ამბობს, რომ არ სურს ომი, რუსეთი კი აცხადებს, რომ თავდასხმას არ აპირებს. რომელიღაც ჩვენგანი ტყუის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„ორი დღის წინ მე ვიყავი დონბასში. დაშორიშორების ხაზზე, იურიდიულად უკრაინასა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის, ფაქტობრივად ომისა და მშვიდობის ხაზზე, სადაც ერთ მხარეს საბავშვო ბაღია, მეორე მხარეს კი – ჭურვი, რომელიც მას ეცემა. ერთ მხარეს სკოლაა, მეორე მხარეს კი ჭურვი, რომელიც ეცემა სკოლის ეზოში. გვერდით კი 30 ბავშვია, რომლებიც მიდიან გაკვეთილებზე და არა ნატო-ში“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინისადმი მიწოდებული სამხედრო დახმარება შენატანია ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებაში.

„ჩვენ გვაწვდიან თანამედროვე იარაღის ასობით ერთეულს ან ხუთი ათას ჩაფხუტს. ჩვენ ნებისმიერ დახმარებას ვაფასებთ, თუმცა ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს ქველმოქმედება ან შენატანი არ არის, რომელსაც უკრაინა გთხოვთ. ეს არ არის კეთილშობილური ჟესტი, რომლისთვისაც უკრაინა ქედს უნდა იხდიდეს. ეს არის თქვენი შენატანი ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებაში, სადაც უკრაინა უკვე რვა წელია, ფარს წარმოადგენს და რვა წელია, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას აკავებს, რომელიც ჩვენი საზღვრების გასწვრივ დგას და არა ევროკავშირის ქვეყნების საზღვარზე. ჭურვები მიფრინავდნენ მარიუპოლში და არა ევროპულ ქალაქებში და მადლობა ღმერთს. ნახევარწლიანი ბრძოლების შემდეგ, დანგრეულია აეროპორტი ჩვენთან, დონეცკში და არა აქ, ფრანკფურტში. ცხელი წერტილია ავდეევკა და არა აქ მონმარტრზე. ევროპის არც ერთმა ქვეყანამ არ იცის, რა არის სამხედრო დაკრძალვები ყოველდღე ყველა რეგიონში. არც ერთმა ევროპელმა ლიდერმა არ იცის, რას ნიშნავს რეგულარული შეხვედრები დაღუპულების ოჯახებთან. ასეა თუ ისე, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ლამაზ მიწას, იდგება ჩვენს საზღვრებთან ნებისმიერი არმიის 50 000, 150 000 თუ ერთი მილიონი სამხედრო. უკრაინის რეალურად დასახმარებლად არ არის საჭირო იმის თქმა, თუ რამდენნი არიან ისინი, რამდენი ტექნიკა აქვთ, საჭიროა იმის თქმა, თუ რამდენნი ვართ ჩვენ. უკრაინის რეალურად დასახმარებლად არ არის საჭირო სავარაუდო შეჭრის თარიღებზე საუბარი. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას 16 თებერვალსაც, პირველ მარტსაც და 31 დეკემბერსაც. ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება სხვა თარიღები და ყველას კარგად ესმის, რა თარიღებია ეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ევროკავშირსა და ნატო-ს უკრაინისთვის წევრობის პერსპექტივის განსაზღვრისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, თუმცა ჯერჯერობით უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია. თუ ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, გვითხარით გულწრფელად. ღია კარი კარგია, თუმცა ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა წლობით დახურული კითხვები. ნუთუ სიმართლის უფლება არ შედის ჩვენს გაფართოებულ შესაძლებლობებში? ამისთვის საუკეთესო დროა მადრიდის სამიტი“,  -აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ასევე მადლობელია ყველა ქვეყნის, რომელიც უკრაინას მხარს უჭერს.

„მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფოს, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით, მათ, ვინც დღეს არის ჩვენს მხარეს, სიმართლისა და საერთაშორისო სამართლის მხარეს. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობრებს სახელებით – არ მსურს, რომ ზოგიერთ ქვეყანას დღეს შერცხვეს. თუმცა, ეს მათი საქმეა, ეს მათი სახელმწიფო და მათი კარმაა, ეს მათ სინდისზეა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ შეძლებენ ისინი, აუხსნან თავიანთი ქმედებები დღეს უკრაინაში ორ მოკლულსა და სამ დაჭრილ სამხედროს და რაც მთავარია, სამ გოგონას კიევიდან, რომელთაგან ერთი ათი წლისაა, მეორე – ექვსის, მესამე კი მხოლოდ ერთის. დღეს ისინი მამის გარეშე დარჩნენ. დღეს ცენტრალური ევროპის დროით დილის 06:00 საათზე უკრაინელი მზვერავი, კაპიტანი ანტონ სიდოროვი გარდაიცვალა მინსკის შეთანხმებებით აკრძალული საარტილერიო იარაღიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად. არ ვიცი, რაზე ფიქრობდა ის თავისი ცხოვრების ბოლო მომენტში. მან ნამდვილად არ იცოდა, რა დღის წესრიგი იყო საჭირო ომის დასასრულებლად, თუმცა მან ზუსტად იცის პასუხი კითხვაზე, რომელიც მე დასაწყისში დავსვი. მან ზუსტად იცის, ვინ ტყუის ჩვენს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს ვლადიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ შესთავაზა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვედრა.

„მე არ ვიცი, რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ამიტომ ვთავაზობ შეხვედრას“ , – აღნიშნა ზელენსკიმ მოდერატორის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად, ესმის თუ არა მას, რა სურს ვლადიმირ პუტინს.