ვლადიმირ ზელენსკი - საქართველოს პრემიერთან სატელეფონო საუბარში ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად​
ვლადიმირ ზელენსკი - საქართველოს პრემიერთან სატელეფონო საუბარში ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად​

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა და მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საუბრისას მან აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული.

ზელენსკის ცნობით, მან ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილთან დედის, ნათესავებისა დ უკრაინელი ექიმების შეშვების თხოვნით მიმართა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. მივმართე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან დაშვების თხოვნით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ვლადიმირ ზელენსკისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეც გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „უკრაინა ყოველთვის იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს“.

„სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დააყენა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი უნდა იყოს სრულად გარანტირებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა უკრაინის მოქალაქისადმი იძულების არაპროპორციული ზომების გამოყენების მიუღებლობა.

ვლადიმირ ზელენსკიმ აქცენტი გაამახვილა მიხეილ სააკაშვილთან მისი დედისა და ახლობლებისთვის დაშვების აუცილებლობაზე. უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მეთაურმა ასევე გამოთქვა თხოვნა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების დაშვების შესაძლებლობის განხილვის შესახებ“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.