ვლადიმირ ზელენსკი რუსეთს სთავაზობს, შეუერთდეს ყირიმის პლატფორმას დეოკუპაციის გზების ერთობლივად შემუშავებისთვის
ვლადიმირ ზელენსკი რუსეთს სთავაზობს, შეუერთდეს ყირიმის პლატფორმას დეოკუპაციის გზების ერთობლივად შემუშავებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს სთავაზობს, შეუერთდეს ყირიმის პლატფორმას ყირიმის დეოკუპაციის გზების ერთობლივად შემუშავებისთვის. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის სამიტზე დასკვნით გამოსვლაში ისაუბრა.

„რუსეთის ფედერაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, სამიტში არ მონაწილეობდა, ისე აქტიურად განიხილავდა, აკომენტარებდა, იმდენად აქტიური იყო, რომ შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ის ყირიმის პლატფორმის სრულფასოვანი მონაწილეა. თუ ეს პლატფორმა მას ასე აინტერესებს, ჩვენ ვიწვევთ რუსეთის ფედერაციას, შეუერთდეს ყირიმის პლატფორმას ყირიმის დეოკუპაციის გზების ერთობლივად შემუშავებისა და მისი ისტორიული, ტრაგიკული შეცდომის გამოსწორებისთვის. პირობას ვდებ, რომ სამიტის დეკლარაციაში, რომელიც გმობს ყირიმის ოკუპაციას, ყოველთვის იქნება ხაზი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ხელმოწერისთვის. სავარაუდოდ, ეს ხელმოწერა იქნება ყირიმის პლატფორმის ბოლო სამიტზე იალტაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყირიმის პლატფორმის სამიტი კიევში დღეს, 23 აგვისტოს გაიმართა. სამიტში მონაწილეობდა 46 დელეგაცია, მათ შორის საქართველოდან. კრემლში ყირიმის პლატფორმის სამიტს ანტირუსული და რუსეთისადმი არამეგობრული ღონისძიება უწოდეს.