ვლადიმირ ზელენსკი - რუსეთმა უნდა დააბრუნოს კონტროლი უკრაინის საზღვრის თითოეულ მილიმეტრზე
ვლადიმირ ზელენსკი - რუსეთმა უნდა დააბრუნოს კონტროლი უკრაინის საზღვრის თითოეულ მილიმეტრზე

უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთს უკრაინისთვის საზღვარზე კონტროლის დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ყირიმის ანექსიისა და დონბასში აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინასა და რუსეთს საერთო მხოლოდ საზღვარი დარჩათ.  აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუს და უკრაინელ ხალხს შორის ბევრი საერთოა.

„დიდხანს ვფიქრობდი უკრაინასა და რუსეთს შორის „ბევრი საერთოს“ შესახებ. რეალობა ისეთია, რომ დღეს ყირიმის ანექსიისა და დონბასში აგრესიის შემდეგ, „საერთო“ ჩვენ მხოლოდ სახელმწიფო საზღვარი დაგვრჩა. 2295 კილომეტრი და 400 მეტრი „საერთო“ და რუსეთმა უნდა დააბრუნოს კონტროლი უკრაინის საზღვრის თითოეულ მილიმეტრზე. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენ საერთოს ძებნის გაგრძელებას“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა, ოკუპირებული ტერიტორიებისთვის რუსეთის პასპორტების გაცემა, უკრაინელების ტყვეობაში ყოლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებას ხელს არ უწყობს.

„ასეთ ურთიერთობებს „ძმურს“ ნამდვილად ვერ ვუწოდებთ“, – ნათქვამია უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის განცხადებაში.