ვლადიმირ ზელენსკი პარლამენტს ანტიოლიგარქიული კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
ვლადიმირ ზელენსკი პარლამენტს ანტიოლიგარქიული კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ანტიოლიგარქიულ კანონპროექტს. პრეზიდენტის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში შეამცირებს ოლიგარქების ან ბიზნეს-ფიგურების გავლენებს პოლიტიკაზე.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, კანონპროექტის ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა როგორც უკრაინის ხელისუფლება განმარტავს, პროექტი განსაზღვრავს „ოლიგარქის“ ცნებას და შეზღუდავს მათ შესაძლებლობას, შეიმუშაონ პოლიტიკა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არ ზღუდავს იმ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ვისზეც გავრცელდება „ოლიგარქების“ განსაზღვრება. დოკუმენტი მხოლოდ განსაზღვრავს ამ ადამიანების წრეს და ჩამოაყალიბებს ამ პირების მთავრობასთან გამჭვირვალე ურთიერთობების წესებს.

კანონის მოქმედების ვადა 10 წელი იქნება. ადგილობრივი მედიის ცნობით, კანონპროექტით გათვალისწინებული „ოლიგარქის“ განსაზღვრება შესაძლოა, გავრცელდეს უკრაინის ათ მოქალაქეზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს კანონი უნდა იყოს პირველი ნაბიჯი ქვეყანაში ოლიგარქიული სისტემის აღმოსაფხვრელად.