ვლადიმირ ზელენსკი - მზად ვართ, უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერი გავაკეთოთ ყველა პლატფორმაზე და ფორმატში, არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად სად დაესმება წერტილი ომს
ვლადიმირ ზელენსკი - მზად ვართ, უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერი გავაკეთოთ ყველა პლატფორმაზე და ფორმატში, არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად სად დაესმება წერტილი ომს

კიევში თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა სამი საათი გრძელდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმირ ზელენსკიმ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

უკრაინის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ერდოღანს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების გზაზე შუამავლის როლის შემოთავაზებისთვის. უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ყველა პლატფორმაზე და ყველა ფორმატში. არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად სად დაესმება წერტილი ომს. მთავარია, რომ ყველა გულწრფელად იყოს ამისთვის მზად. თქვენი ვიზიტი იმის მაჩვენებელია, თუ ვინ დგას რთულ მომენტში უკრაინის გვერდით. ჩვენი ქვეყანა ამას არ დაივიწყებს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა ყირიმის ჩათვლით და ვლადიმირ ზელენსკის სიტუაციის განმუხტვის მიზნით მოლაპარაკებების საწარმოებლად ანკარა შესთავაზა.

„სიამოვნებით ვუმასპინძლებთ თურქეთში სამიტს ორი ქვეყნის პრეზიდენტების ან ტექნიკური ჯგუფების დონეზე. ჩვენი ვიზიტი მგრძნობიარე პერიოდს დაემთხვა. სამწუხაროდ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო განცხადება, ოკუპაციის შესახებ გამოქვეყნებული სცენარები აუძლურებენ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. მომწონს უკრაინის პრეზიდენტის მესიჯები, რომელსაც საღი აზრი აქვს და პრიორიტეტს დიალოგს ანიჭებს“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.