ვლადიმირ ზელენსკი - მიხეილ სააკაშვილისგან წერილებს ვიღებ და ისიც იღებს ჩემგან ინფორმაციას
ვლადიმირ ზელენსკი - მიხეილ სააკაშვილისგან წერილებს ვიღებ და ისიც იღებს ჩემგან ინფორმაციას

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი პირადად არის ჩართული საქართველოსთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მედიის ცნობით, ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აქვს არხი პირადად სააკაშვილთან ინფორმაციის გაცვლისთვის.

„გეტყვით გულწრფელად, მიხეილ სააკაშვილისგან წერილებს ვიღებ. ის იღებს ჩემგან ინფორმაციას.

მე ვესაუბრები საქართველოს ხელმძღვანელობას სააკაშვილთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ამბობს, რომ სააკაშვილის ახლობლებთან შეხვედრის საკითხების გადაწყვეტაში იყო ჩართული.

„მომმართავდნენ, რათა მის მეორე ნახევარს ან დედამისს შესძლებოდათ მასთან მოხვედრა. მე ვრეკავდი, ვითხოვდი და ვამბობ პატიოსნად, მათ უარი არ უთქვამთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არის ერთი საკითხი, რომელზეც ვერ მოილაპარაკეს.

„მე მინდოდა, რომ ჩვენი ექიმები ყოფილიყვნენ ჩართული პროცესში, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეფერხებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ საკითხზე შემდგომ მოლაპარაკებებში ჩართულია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც, თუმცა დეტალების გახმაურება არ შეიძლება.