ვლადიმირ ზელენსკი - კიევსა და თბილისს შორის პოლიტიკური დიალოგი ახალ იმპულსს იძენს, ჩვენი ამოცანაა, სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი კონკრეტული პროექტებით შევავსოთ
ვლადიმირ ზელენსკი - კიევსა და თბილისს შორის პოლიტიკური დიალოგი ახალ იმპულსს იძენს, ჩვენი ამოცანაა, სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი კონკრეტული პროექტებით შევავსოთ

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უკრაინაში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, კიევსა და თბილისს შორის პოლიტიკური დიალოგი ახალ იმპულსს იძენს.

„მივესალმები ქალბატონ ზურაბიშვილს, ჩვენს ქართველ მეგობრებს, მეგობრულ უკრაინაში. ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის. პოლიტიკური დიალოგი კი ჩვენს დედაქალაქებს – კიევსა და თბილისს შორის ახალ იმპულსს იძენს. ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი შევავსოთ რეალური შინაარსით და კონკრეტული პროექტებით ურთიერთმხარდაჭერისა და ჩვენ შორის მაღალი ნდობის საფუძველზე“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის განმარტებით, უკრაინასა და საქართველოს აერთიანებთ ერთობლივი მიზნები ევროკავშირსა და ნატო-ში სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებით.

„ასევე, სასიამოვნოა, აღვნიშნოთ ჩვენი პოზიციების მსგავსება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერება. შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის. ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფო ფლოტებს შორის შავ ზღვაში. აქტიურად ვმუშაობთ ამ ინიციატივის რეალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსთან და სხვა მეზობლებთან. იმედი მაქვს, მალე ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ პროგრესს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.