ვლადიმირ ზელენსკი ჩერნობილში ტურისტებისთვის და მეცნიერებისთვის „მწვანე დერეფნის“ შექმნას გეგმავს
ვლადიმირ ზელენსკი ჩერნობილში ტურისტებისთვის და მეცნიერებისთვის „მწვანე დერეფნის“ შექმნას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ჩერნობილში ტურისტებისთვის და მეცნიერებისთვის „მწვანე დერეფნის“ შექმნას გეგმავს.

როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, აუცილებელი ჩერნობილის მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის, ეკოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის და ტურისტებისთვის ჩვენება.

„უნდა ვაჩვენოთ ჩერნობილი მსოფლიოს: მეცნიერებს, ეკოლოგებს, ისტორიკოსებს, ტურისტებს. სამწუხაროდ, დახურული ზონა ამ დრომდე წარმოადგენს კორუფციის სიმბოლოს – ძალოვნები ტურისტებისგან ქრთამს იღებენ, ხდება ჯართის არალეგალურად გატანა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება. ამ ყველაფერს ჩვენ მალე დავასრულებთ“, – დაწერა ზელენსკიმ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 10 ივლისს მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ჩერნობილის დახურული ზონის გარდაქმნის დასაწყისი გახდება.

ზელენსკის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, შეიქმნება „მწვანე დერეფანი“ ტურისტებისთვის და აღმოიფხვრება კორუფცია.

ჩერნობილთან დაკავშირებულ ახალ გეგმებზე ვლადიმირ ზელენსკიმ ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის ახალი სარკოფაგის ამოქმედების ცერემონიალზეც ისაუბრა.

მისი თქმით, აღარ იქნება რიგები ჩერნობილის ზონაში მოსახვედრად საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, მოიხსნება ფოტო-ვიდეო გადაღებაზე დაწესებული შეზღუდვები.

„მოდით, საბოლოოდ, შევწყვიტოთ ხალხისა და ვიზიტორების შეშინება და გავხადოთ დახურული ზონა სამეცნიერო და ტურისტულ მაგნიტად. შევქმნათ აქ თავისუფლების მიწა, რომელიც ახალი უკრაინის ერთ-ერთი სიმბოლო გახდება კორუფციისა და სულელური აკრძალვების გარეშე, ინვესტიციებით და მომავლით. გავაკეთოთ ეს ერთად, თქვენ ერთად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვლადიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ითვალისწინებს ჩერნობილის ზონის როგორც ტურისტული ობიექტის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და დამტკიცებას. დოკუმენტის თანახმად, იგეგმება ჩერნობილის ზონაში ახალი ტურისტული მარშრუტების შედგენა.

დღესვე ვლადიმირ ზელენსკიმს უკრაინის გმირის წოდება გადასცა ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის სამ ლიკვიდატორს.