ვლადიმირ ზელენსკი - ძველმა პოლიტიკოსებმა აირჩიეს ძველი სისტემა, რადგან მხოლოდ ის აძლევს მათ პოლიტიკური ცხოვრების გახანგრძლივების შანსს
ძველმა პოლიტიკოსებმა აირჩიეს ძველი სისტემა, რადგან მხოლოდ ის აძლევს მათ პოლიტიკური ცხოვრების გახანგრძლივების შანსს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უმაღლესი რადას წევრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დღევანდელ სხდომაზე არ განიხილონ მისი ინიციატივა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების შესახებ.
განცხადება ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.
„ძვირფასო უკრაინელებო! უმაღლესმა რადამ ჩააგდო კანონპროექტი საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების შესახებ. ძველმა პოლიტიკოსებმა აირჩიეს ძველი სისტემა, რადგან მხოლოდ ის აძლევს მათ პოლიტიკური ცხოვრების გახანგრძლივების შანსს. ისინი იმედოვნებენ, რომ ფულისა და წიწიბურის სანაცვლოდ, კვლავ შეძვრებიან უმაღლეს რადაში. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ცდებიან. მაჟორიტარულ ოლებშიც კი თქვენ ახალ პოლიტიკოსებს აირჩევთ, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის შეცვლას არა სიტყვით, არამედ საქმით“, – დაწერა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა.
ვლადიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პარლამენტში მოსახვედრად პარტიებისთვის ბარიერის ხუთიდან სამ პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებს.
დღის წესრიგში კანონპროექტის შეტანას მხოლოდ 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ინიციატივის განსახილველად საჭირო იყო სულ მცირე 226 კანონმდებლის მხარდაჭერა.
ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების შესრულებას 20 მაისს შეუდგა. საინაუგურაციო სიტყვისას მან უმაღლესი რადას დათხოვნის შესახებ განაცხადა. უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს დანიშნა.