ევრო 2020-ზე მოხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები D შესარჩევი ჯგუფიდან შეეცდება.
დუბლინში გამართულ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე უეფას წევრი 55 ქვეყანა ხუთ და ექვს გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა.
წილისყრის შედეგად საქართველოს ეროვნული ნაკრები D ჯგუფში შვეიცარიის, დანიის, ირლანდიისა და გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
დუბლინში გამართულ წილისყრას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, წილისყრა შეაფასა.
„რეიტინგის მიხედვით ფავორიტები შვეიცარია და დანია არიან. ირლანდიაც ასევე, ჩვენთვის ნაცნობის გუნდია, რომელთანაც მუდმივად გვიწევს დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველი თამაში მნიშვნელოვანია. შევხედავთ როგორ გადანაწილდება სათამაშო განრიგი. მარტში ვითამაშებთ ერთ თუ ორ თამაშს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი პროგრამა. თამაშიდან თამაშამდე მოვემზადებით. ხელებს არ ვუშვებთ, თუმცა შვეიცარია, ისევე როგორც დანია, ძალიან რთული მეტოქეა. მაგრამ ჩვენ ყველასთან ვიბრძოლებთ“ – ამბობს ვლადიმირ ვაისი ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან ინტერვიუში.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, საქართველო ყველასთვის უხერხული მეტოქე იქნება: „ვფიქრობ, ისეთი სახელი მოვიხვეჭეთ, რომ საქართველოსთან დაპირისპირებაც არავის უნდა. ყველა ამბობს, რომ რთული იქნება საქართველოში თამაში, ამიტომ, ვეცდებით ვაჩვენოთ ხარისხიანი ფეხბურთი, ვიბრძოლებთ ყველა ქულისთვის და ჯგუფიდან გასვლისთვის. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ ვერ დაველოდებით მხოლოდ 2020 წელს, სადაც უკვე ცნობილია,რომ ერთა ლიგის პლეიოფში უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ახლა მომდევნო სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც 2019 წელს დაიწყება. კიდევ უნდა გავიზარდოთ, ისე როგორც ამ სეზონში. საქართველოს ნაკრებმა უნდა განაგრძოს განვითარება“.
რომელი გუნდი უფრო ძლიერია, შვეიცარია თუ დანია? ვაისმა ამაზეც ილაპარაკა: „ამის თქმა რთული იქნება. ჩვენს ჯგუფშია ირლანდიაც, რომელიც ასევე კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, აუტსაიდერი გიბრალტარია, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე. შევხედავთ, როგორი კალენდარი გვექნება. მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ სად ვითამაშებთ პირველ თამაშს, შინ თუ გასვლაზე. მთავარია გუნდი იყოს საკუთარ ძალებში დარწმუნებული. რა თქმა უნდა, ფავორიტი შვეიცარიაა, რომელმაც ეს ერთა ლიგის გათამაშებაზე დაამტკიცა, სადაც ბელგიაც დაამარცხა. ეს ამტკიცებს ამ გუნდის ხარისხს, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ. დანია მსოფლიო ჩემპიონატზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ჰყავთ ვარსკვლავური გუნდი, მაგრამ ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, განსხვავებულად ვითამაშებთ იმიტომ, რომ განსხვავებული დონის მეტოქეებს ვეთამაშებით“.
„ჯვაროსნების“ სლოვაკმა დამრიგებელმა ამხანაგური მატჩების გამართვის აუცილებლობაზეც ილაპარაკა: „ჩვენ ვითამაშებთ იმ ჯგუფში, სადაც ხუთი გუნდია, ამიტომ ამხანაგურ მატჩებში კარგი მეტოქეები უნდა შევარჩიოთ… არ აქვს მნიშვნელობა რომ ჯგუფში ხუთნი ვართ, ჩვენთვის თითოეული ამხანაგური მატჩიც მნიშვნელოვანია, გულშემატკივრებისთვის, რეიტინგისთვის, ფეხბურთელების გამოცდილებისთვის”.
ვაისი ამბობს, რომ ევროშესარჩევი ციკლის დაწყებამდე ტრავმირებულთა დაბრუნებას იმედოვნებს: „ბედნიერი ვიქნები, თუ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება. ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წამყვანი მოთამაშეები, ვინც ერთა ლიგა ტრავმის გამო გამოტოვა, დაბრუნდნენ ძლიერები, რათა ყოველ პოზიციაზე კონკურენცია იყოს. ის, რომ ყაზახეთთან მატჩზე 52 ათასზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა, შესანიშნავია. სავსე სტადიონი ნიშნავს იმას, რომ ქართველებს ფეხბურთი და ეს ნაკრები უყვართ. ამას ვაფასებ და შემიძლია ვთქვა, ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და კარგი შედეგისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.”