ვლადიმირ ვაისი - იმედია, ხვალ სტატისტიკას შევცვლით
ვლადიმირ ვაისი - იმედია, ხვალ სტატისტიკას შევცვლით

ირლანდიასთან ყოველთვის გვიჭირდა თამაში და ხვალაც რთულ შეხვედრას ველით, – განაცხადა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა დუბლინის „ავივა სტადიონზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ირლანდიასთან შეხვედრამდე გამართა.

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის შეხვედრასთან დაკავშირებით ვაისმა საქართველოს ნაკრების მეტოქეზეც ილაპარაკა.

„ყველა მწვრთნელს აქვს თავისი სიახლეები და მარტილნ ონილის დროს გუნდი სამი და ხუთი მცველით თამაშობდა. მაკარტიმ კი გუნდი გიბრალტართან სხვაგვარად გამოიყვანა. ვნახოთ, ხვალ რა იქნება. მე აქ სამი შეხვედრა ჩავატარე და ვერც ერთი ვერ მოვიგე. იმედია, ხვალ სხვაგვარად იქნება“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

სლოვაკმა სპეციალისტმა ასევე ისაუბრა, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ.

„ტაბიძის არყოფნაში ვის ვათამაშებ? ნავალოვსკის გარდა, გვყავს ხარაბაძე და დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტთ, ვინ დავაყენოთ. გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებ, სტანდარტულებზე ვინ როგორ თამაშობს. მერებაშვილი ემზადება და ტრავმა აღარ აწუხებს, ხვალ კი განაცხადში იქნება. ოქრიაშვილი და ნავალოვსკი კი ჯერ ფორმაში არ არიან, მაგრამ განაცხადში იქნებიან“, – აღნიშნა ვლადიმირ ვაისმა.

ირლანდიის ნაკრები საქართველოს 26 მარტს „ავივა სტადიონზე“ დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 23:45 საათიდან შემოგთავაზებთ.