ვლადიმირ ვაისი - ფავორიტი შვეიცარიაა, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება და შანსი 50/50-ზეა
ვლადიმირ ვაისი - ფავორიტი შვეიცარიაა, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება და შანსი 50/50-ზეა

ვლადიმირ ვაისმა სენტ-გალენის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა – საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შვეიცარიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩისწინა სამზადისზე ილაპარაკა და გუნდის საკადრო პრობლემები არ დამალა.

„სამი დღე გერმანიაში ვემზადებოდით და კარგ კონდიციაში ვიმყოფებით. სასიამოვნოა, რომ დღეს ასეთ კარგ მინდორზე და სტადიონზე ვვარჯიშობთ. შვეიცარიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას გავმართავთ და სურვილი გვაქვს, რომ ხარისხიანი და კარგად ორგანიზებული ფეხბურთი ვითამაშოთ. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ შეტევაში მეტი ხარისხი ვაჩვენოთ, რადგან შვეიცარიის ნაკრები დაცვაში კარგად მოქმედებს. ირლანდიისა და დანიის წინააღმდეგ კარგი შეხვედრები ჩავატარეთ, ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ თუ ხვალ დადებითი შედეგის მიღწევა გვსურს, უნდა გავიტანოთ“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

სლოვაკი სპეციალისტის თქმით, სენტ-გალენში ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით: „ამ მომენტისთვის შვეიცარია ჯგუფში იმ ადგილს არ იკავებს, რომელსაც ის რეალურად იმსახურებს. მათ ჩვენს შემდეგ კიდევ ერთი მატჩი აქვთ გიბრალტარის წინააღმდეგ. გვსურს, კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ეს რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შვეიცარიის წინააღმდეგ ისეთივე რთული მატჩი გველის, როგორც ეს დანიისა და ირლანდიის წინააღმდეგ იყო. მოწინააღმდეგეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება, მაგრამ ვლადიმირ პეტკოვიჩს საკმარისად კარგი სათადარიგო შემადგენლობა ჰყავს იმისათვის, რომ მაგალითად შერი და ემბოლო სრულფასოვნად შეცვალონ. ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, რადგან ბოლო მატჩებში კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ შეტევაში უკეთ უნდა ვითამაშოთ. დაცვიდან თამაშს არ ვაპირებთ, შეხვედრის ფავორიტი, რა თქმა უნდა, შვეიცარიაა, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება და შანსი 50/50-ზეა. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელების ხარისხით შვეიცარია ჯგუფში საუკეთესო გუნდია“.

ვლადიმირ ვაისმა გუნდის მიზნებზე ილაპარაკა: „მე მიყვარს ეს გუნდი და ის მოთამაშეები, რომლებიც აქ არიან. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ წარმატებისთვის. თუ რა დონეზე ვართ ახლა, ამას ხვალინდელი თამაშიც გამოაჩენს. სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოქრიაშვილი, ანანიძე და ტაბიძე ვერ დაგვეხმარებიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები და საქართველოს სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია. იმედი მაქვს ხვალინდელი თამაშისაც. ჩვენ ვემზადებით მარტისთვის და უპირველესად, ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. ასევე ხორვატიაში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაზე, სადაც იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომლებიც ნაკრებში საკუთარ შანსს ელოდებიან. ერთა ლიგის პლეიოფი მხოლოდ ჩვენთვის კი არა, ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ისტორიული შანსია. ასევე ფიქრობენ ჩვენი მეტოქეები – მაკედონია, კოსოვო და ბელორუსი“.

საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა პრობლემები ახსენა: „ტაბიძემ ტრავმა მიიღო და რეხვიაშვილი ამის შემდეგ დაგვემატა. ამ პოზიციაზე ასევე გვყავს ნავალოვსკი. ვნახოთ, რა არჩევანს გავაკეთებთ შვეიცარიის წინააღმდეგ. ნაკრებში ასევე არაბული და პაპუნაშვილი დაბრუნდნენ. ოქტომბერში პაპუნაშვილი ფიზიკურად მზად არ იყო და ამიტომ ვერ დაგვეხმარა. ახლა იმედი მაქვს, რომ ის მზად არის და შეძლებს გუნდის გაძლიერებას. რაც შეეხება არაბულს, მან საბერძნეთის ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა და კარგ ფორმაშია. ამ პოზიციაზე ფეხბურთელები უნდა გამოვიყენოთ და შემდეგ მათ უკვე მიეცემათ შესაძლებლობა მარტის მნიშვნელოვან შეხვედრებშიც მიიღონ მონაწილეობა. ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ გვაქვს, ქვილითაია ბელგიაში სათადარიგოთა სკამზეა, სხვა მოთამაშეები საბერძნეთში და ყაზახეთში თამაშობენ, რაც არაა ევროპის უმაღლესი საფეხური“.

შვეიცარია-საქართველოს შეხვედრა 15 ნოემბერს, 23:45 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.