ვლადიმირ ვაისი - ევროპის ჩემპიონატზე გასვლის დიდებული შანსი გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ 
ვლადიმირ ვაისი - ევროპის ჩემპიონატზე გასვლის დიდებული შანსი გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ 

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კვიპროსი 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

„მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვეთ და ხანგრძლივი მოუგებელი სერია შევწყვიტეთ. ჩვენ წინ ვიყურებით, რა მოხდება ერთი წლის შემდეგ ერთა ლიგაზე. კვიპროსის დონის გუნდებთან შეხვედრებში ჩანს, რეალურად რა შეგვიძლია. ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, რომ მსგავსი დონის გუნდებთან მოგება აუცილებლად უნდა ვისწავლოთ, რადგან ერთა ლიგაზე სწორედ ასეთი გუნდები დაგვიპირისპირდებიან. ამ ტურნირიდან კი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის დიდებული შანსი გვაქვს და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ” – ამბობს ვაისი.

სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების ლიდერებზეც ილაპარაკა.

„შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ლორია, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ჩვენი გუნდის სული და გული არიან. კანკავა გასაოცარი ფეხბურთელია – ნახევარი წელია უგუნდოდაა და ამის მიუხედავად, მაინც მაგრად თამაშობს. კაშია თავისი საქმის პროფესიონალია, ლორიამ კი დღეს გოლისგან და ფრისგან გადაგვარჩინა. დიდი მადლობა გორის “დილას” ასეთი ორგანიზებისთვის, გულშემატკივრებს კი – ასეთი მხარდაჭერისთვის. დღეს მე გორში მინდვრის ხარისხიც მომეწონა და საფეხბურთო გარემოც“ – ამბობს ვაისი.